თამუნა მაჭარაშვილი
მითები ყარსის ხელშეკრულებაზე

ყარსის ხელშეკრულება ბოლო პერიოდის განმავლობაში მანიპულაციის საგანია ულტრანაციონალური ჯგუფებისთვის, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში ანტითურქულ განწყობას აღვივებს.

ყარსის შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულებაა, რომელიც დაიდო 1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში, ერთი მხრივ თურქეთსა და მეორე მხრივ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის. შეთანხმების თანახმად, საქართველომ ბათუმის ოლქიდან მიიღო ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა კი ართვინისა და არტაანის ოკრუგი, ისტორიული ტაო და ლაზეთი. საქართველოს გასაბჭოებამდე ამ ტერიტორიას საქართველოს დემორატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით ავტონომიური სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და „ერთა ლიგის" მიერ საქართველოს სუვერენულ ნაწილად იყო აღიარებული. ყარსის შეთანხმება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, ქემალისტურ თურქეთსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის დადებულ „ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულების" პუნქტებს საზღვრების გამიჯვნასთან დაკავშირებით.

მითები ყარსის ხელშეკრულებაზე
პროპაგანდის ეს მეთოდი, რომელსაც მედია საშუალებები „ასავლ-დასავალი", „ობიექტივი", „საქინფორმი", პოლიტიკური პარტია „პატრიტთა ალიანსი" და სხვა პრორუსულად განწყობილი ექსპერტები და ანალიტიკოსები იყენებენ, არსებული პრობლემიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანის დიდი ხნის ნაცადი ხერხია. ისტორიული ტრამვების გაღვივებით ხდება რუსული ოკუპაციის საფრთხის გადაფარვა და თურქეთის, რომელიც დღეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ეკონომიკური პარტნიორია, მტრად წარმოჩენა.
კონსპირაციების გავრცელებას და განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობას ხელს ისიც უწყობს, რომ ყარსის ხელშეკრულების დოკუმენტის ოფიციალური ქართული თარგმანი არ არსებობს, ამიტომ ყველა იმ ენაზე თარგმნის, როგორც სურს ხელშეკრულების პირობების წარმოჩენა. ინტერპრეტაციებისთვის საფუძველი რომ არ დარჩეს საჭიროა, სახელმწიფოს და ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდეს ფართო მასების სწორად ინფორმირება. ამ ხრივ მედიასთან ერთად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განსაკუთრებით კი სკოლებს, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების ჩამოყალიბება უნდა ხდებოდეს.


საინტერესოა, როგორ ისწავლება ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები სკოლაში, როგორ აფასებენ დოკუმენტის შინაარსს მოსწავლეები და ისტორიის პედაგოგები და რა ინფორმაციას გვაწვდის ისტორიის სახელმძღვანელოები ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
სახელმძღვანელოს ანალიზი
საჯარო სკოლებში ეს თემა საშუალო საფეხურზე, მე-12 კლასში ისწავლება. ერთ-ერთი სახელმძღვანელოს კვლევისას გამოიკვეთა, რომ არსებული მასალა ტოვებს ინტერპრეტაციების საშუალებას. მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მე-12 კლასის სახელმძღვანელოში (ავტორები:ნინო კიღურაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, გიორგი სანიკიძე) ყარსის ხელშეკრულებას ეძღვნება თემა: "ბრესტის ზავიდან მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრუილებამდე", თემაში განხილულია ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული ისტორიული ფაქტები, 1920 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება და მისი პირობები, რომლის ძალითაც საბჭოთა რუსეთი თანხმდებოდა თურქეთის საკუთრებად ეცნო თურქეთის მიერ ოკუპირებული ყარსის ოლქი (არტაანთან ერთად), სანაცვლოდ კი მოითხოვდა ბათუმის საბჭოთა საქართველოში დატოვებას. საქართველოსგან და სომხეთისგან მომავალში პრეტენზიების თავიდან არიდების მიზნით მოსკოვთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით განაწილებული საზღვრების დადასტურება დაჟინებით მოითხოვა თურქეთმა გასაბჭოებულ საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში. „ასე გაკეთდა კიდეც 1921 წლის 13 ნოემბერს(თარიღი არასწორად არის მოცემული სახელმძღვანელოში), სადაც უცვლელად გადმოიტანეს ყველა მუხლი, რომელიც ეხებოდა თურქეთის საზღვრებს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან. ყარსის ხელშეკრულება დღემდე არ გაბათილებულა და ის მოქმედებს". - ვკითხულობთ სახელმძღვანელოს ტექსტში.
ამავე სახელმძღვანელოში წყაროს სახით მოტანილია მოსკოვის ხელშეკრულების რამდენიმე მუხლი, ამათგან ერთ-ერთი მუხლის შინაარსი ასეთია: „რუსეთი ვალდებულებას იღებს გადადგას ისეთი ნაბიჯები ამიერკავკასიის რესპუბლიკების მიმართ, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა ამ რესპუბლიკებმა აუცილებლად ცნონ ხელშეკრულებებში, რომლებსაც ისინი დადებენ თურქეთთან, წინამდებარე ხელშეკრულების ის მუხლები, რომლებიც უშუალოდ ეხებათ მათ". მოსკოვის ხელშეკრულების ეს მუხლი მიუთითებს, რომ თუ ამირკავკასიის რეპუბლიკები არ მიიღებენ თურქეთის მხრიდან მათთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რუსეთს ენიჭება უფლება ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. სახელმძღვანელოს ავტორები, მასწავლებელს ანდობენ წყაროების გაანალიზებას. ერთადერთი კითხვა ეხება ყარსის ხელშეკრულებას: „მოაწყვეთ დისკუსია მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების შესახებ. იმსჯელეთ თუ რატომ არ პასუხობდა მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები საქართველოსა და სომხეთის ინტერესებს."
შესაძლოა, სწორედ, ეს მუხლი იძლევა პრორუსული ძალებისთვის ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საფრთხეების შექმნისა და გაზვიადების შესაძლებლობას. სინამდვილეში, ყარსის ხელშეკრულებაში მოსკოვის ხელშეკრულებიდან მხოლოდ საქართველო-თურქეთის საზღვართან დაკავშირებული პირობები გადავიდა უცვლელად. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ეს პირობები საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებდა, რადგან ჩვენ დავკარეთ ისტორიული ტერიტორიები, მაგრამ ხელშეკრულება აჭარის რეგიონთან მიმართებაში ახალი საფრთხის შექმნის წინაპირობას არ აყენებს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელს კარგად ჰქონდეს გაანალიზებული ეს საკითხი და მოსწავლეებსაც დაეხმაროს ამაში, სხვა შემთხვევაში, შეიძლება გაუჩნდეთ წარმოდგენა, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს და ამით ოკუპაციის გამართლებამდეც მივიდეთ.
მასწავლებლები განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ. ზოგი მათგანისთვის ძირითადი სასწავლო რესურსი სახელმძღვანელოა, შესაბამისად, მათი პოზიციებიც სახელმძღვანელოში არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევისას გამოიკვეთა, რომ ცალკეული მასწავლებლის მონდომებაზე, საკითხისა და თანამედროვე მოვლენების ანალიზის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული მოსწავლეებში სწორი ხედვის ჩამოყალიბება.


რაც შეეხება მოსწავლეებს, მათი ცოდნა სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციასა და იმ შეფასებებს ეყრდნობა, რასაც პედაგოგებისგან ისმენენ.
ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მალაზონია მიიჩნევს, რომ დღევანდელი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე უსაფუძვლოა თურქეთის მხრიდან რაიმე ტიპის საფრთხეს ველოდოთ. მისი შეფასებით, გარკვეული ჯგუფების მიერ ყარსის ხელშეკრულების ანტითურქული განწყობების შესაქმნელად გამოყენება არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და მიზნად ისახავს რუსეთის დამცველად და მოკავშირედ წარმოჩენას.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website